გია ჟორჟოლიანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია

430

პარტიის „სოციალ-დემოკრატები – საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

ამ საკითხზე პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, მისი პარტია თანასწორობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს, რათა შშმ პირებს მიეცეთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობის შესაძლებლობა.

ჟორჟოლიანმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ქტომბრის გადაწყვეტილებაზე, „რომლითაც ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე პირთა მიმართ არსებული ქმედითუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო“. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით თანასწორობის საკითხის გადაწყვეტა რეალური გახდა.

„დღეს, როდესაც ყველა ველოდებით არჩევნებს, ესაა აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი. ესაა საკითხი, რომლის იმპლემენტაცია არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ, შშმ პირებისთვის ჩვენს საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და უაღრესად აქტუალური. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობდით მთელ რიგ გაერთიანებებთან და გავაგრძელებთ ამ მუშაობას. მივაღწევთ იმას, რომ თანასწორობა იყოს არა სიტყვებით, არამედ რეალურად ჩვენს საზოგადოებაში. არა მხოლოდ ჰუმანური საკითხი უნდა გადაწყდეს, რომ მიეცეთ შესაძლებლობა თავის თავის რეალიზებისა, სრულად ჩართვისა ჩვენი საზოადეობის ეკონომიკურ და სხვა ყველა სფეროში, არამედ ეს ადამიანები იმუშავებენ არა მხოლოდ თავისთვის, ქვეყნის განვითარებისთვისაც“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

პრესკონფერენციაზე ისაუბრა პარტიის წევრმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში ექსპერტმა მაია ასაკაშვილმაც. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებელობების პირების უფლებების სრული რეალიზება მოხდეს.

„სოციალური საჭიროების მქონე პირებს დაუბრუნდათ არჩევნებში მონაწილეობის და ყველა ის სამოქალაქო უფლება, რასაც თითოეული ჩვენგანი აკეთებს. მინდა მადლობა გადავუხადო „სოციალ-დემოკრატებს“, რადგან მხოლოდ მათი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი, რომ მე მათთან ერთად საპარლამენტო ტრიბუნიდან მომდევნო პარლამენტში შევძლო მაქსიმალურად ვიმუშაო შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფელების დაცვისთვის“,- განაცხადა ასაკაშვილმა.