გახარია: ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, წიგნი წაიკითხეთ, კალკულატორი აიღეთ ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით

690

ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის – ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიყევით, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ექსპერტების მოსაზრებას ეხებოდა საავადმყოფოს 48 მილიონად აშენებასთან დაკავშირებით.

პრემიერმა ამ განცხადებას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთი საავადმყოფოს აშენება, ხუთი ათასი საწოლით, ნახევარ მილიარდ დოლარამდე ჯდება.

„რომელმა ჯანდაცვის ან ეკონომიკის ექსპერტმა გითხრათ ასეთი სისულელე 48 მილიონზე? ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, საავადყოფო რომ ააშენო, ერთი საწოლი ადგილი ჯდება დაახლოებით 80 ათასიდან 120 ათას დოლარამდე.  ქვეყანაში ხუთი ათასი საწოლი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით.

ჯერ ერთი, ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ არსებობს, მერე მეორე, მუდმივ მზაობაში უნდა გვყავდეს ხუთი ათასი საწოლი ადგილი ახალ წლამდე. ამ ტენდერში გადანაწილდება ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა და კიდევ სხვები.

ხუთი ათასი საწოლფონდი გვჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა რომ გაიზრდება, ახალ წლამდე დარეზერვებული გვქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საწოლადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა კლინიკამ ეს ადგილები თავისუფლად უნდა შეინახოს ახალ წლამდე. მეტსაც გეტყვით, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, დამატებით ხუთი ათას ადგილზეც მოგვიწევს გამოცხადება, შემდგომ შეიძლება უფრო ნაკლებზე, ეს მუდმივი პროცესია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.