“საქართველო ზედიზედ მესამედ იკავებს ევროპაში ადგილს პირველ ოცეულში, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით, ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მთავრობების ეფექტიანობის რეიტინგი,“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა მომავალი წლის ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ მასში, ისევე როგორც წინა წლების ბიუჯეტებში, ის პრიორიტეტებია განსაზღვრული, რომელიც ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება.
“ჩვენი ადმინისტრაციული ხარჯების წილი საერთო ხარჯებთან მიმართებაში მუდმივად კლებადია და ამის შესახებ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ – ხელფასების გაზრდა გათვალისწინებულია პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისა და სხვა ასეთი ტიპის პროფესიებისთვის, რომელთა ანაზღაურება, სამწუხაროდ არ არის იმ დონის, რა სირთულის და რისკის საქმიანობასაც ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ხელფასების ნაწილში, ჩვენ არ გვაქვს ის ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც ე.წ. ბიუროკრატიის ხარჯების ზრდას ემსახურება, ეს არის ის ხელფასები, რომელიც ამ კატეგორიებისთვის არის განკუთვნილი და შესაბამისად, ადმინისტრაციული ხარჯების წილი, არის ძალიან დაბალი,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.