“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა თბილისის მერიაში ორი განცხადება შეიტანეს. ერთი განცხადება მუნიციპალური ინსპექციის სახელზეა, რითაც პარტიის წევრები ითხოვენ მსვლელობა მიეცეს იმ ფაქტს, რომ დედაქალაქის მერიაში შესვლის უფლება არ მისცეს, ხოლო მეორე განცხადებით, პარტიის წევრების თქმით, კახა კალაძეს შეახსენეს, „როგორი კორუმპირებულია“.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს სურდათ განცხადებისთვის დაერთოთ სიმბოლური საჯარიმო ქვითარი, თუმცა სამართალდამცველებმა მისი შენობაში შეტანის ნებართვა არ მისცეს.
პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბანერი, სადაც სიმბოლურად დედაქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის ჯარიმაა გამოწერილი, მერიასთან განთავსებულ ავტობუსის გაჩერებაზე გააკრა.
„დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ როგორ აგონიაშია დამსხვრეული ოცნებების პარტია. მათ ერთადერთი რამ აინტერესებთ, ფულის კეთება. ჩვენ ვითხოვთ საბანკო სესხებზე პროცენტის დაწევას და უსამართლოდ მაღალი, 36%-იანი სესხის ჩამოწერას პენსიონერებისთვის. ამისთვის მთელ საქართველოში შევაგროვეთ 80 ათასი ხელმოწერა., რაზეც მათ უკანონოდ 100 ათასამდე ჯარიმა გამოუწერეს ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და ჩვენს თანაგუნდელებს. დღეს გვინდოდა ამასთან დაკავშირებით განაცხადი შეგვეტანა და ხედავთ, რამხელა პანიკა მოაყოლეს. როგორც ჩანს, პირდაპირი დავალება მიიღეს საბანკო სექტორისგან, რომ დაეცვათ მათი ინტერესები იმიტომ, რომ წილს იღებენ, ჩემი ინფორმაციით 36%-ის ნახევარი მისდის კალაძეს“,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათ პლაკატების გაკვრის გამო პარტიის წევრების დაჯარიმება გააპროტესტეს. ისინი აღნიშნული ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ.
აქციაზე სამართალდამცავებმა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ოთხი წევრი დააკავეს, რომლებიც უკვე გათავისუფლდნენ.