დეკანოიძე: იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაა

650

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაა.

დეკანოიძის განცხადებით, რეალურად, ეს პარკი ხალხის საკუთრება იყო.

„რეალურად, ეს პარკი ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ხალხის საკუთრება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს პარკი უნდა ყოფილიყო ხალხის საკუთრება. გაგახსენებთ მაგალითს, როდესაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საკონცერტო დარბაზი – „ბლექ სი არენა“, რომელმაც ააშენა ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ე.წ. საჩუქრად, დაახლოებით 35 მილიონით სუბსიდირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩემი, თქვენი და ყველა ადამიანის ჯიბიდან სუბსიდირდება ის შენობა, რომელიც ვითომ ააშენა ბიძინა ივანიშვილმა საჩუქრად, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ ამჯერად ამომრჩეველზე აღარაფერი არ იმოქმედებს, მათ შორის არც მოსყიდვა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.