საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა “ბუკიას ბაღში” წიგნის “ეს საბურთალოა – ერთი უბნის ამბავი” პრეზენტაცია გამართა.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ის საბურთალოს შესახებ ცნობებს წლების განმავლობაში აგროვებდა, ინიშნავდა და ახლა წიგნად გამოსცა.
წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს შეეძლოთ, წიგნი 1 ლარიდან ზევით ნებისმიერ ფასად შეეძინათ.
როგორც ელისაშვილი ამბობს, შემოსული თანხა მის საარჩევნო კამპანიას მოხმარდება.
პრეზენტაციაზე ასევე მოეწყო ტანისამოსის და სხვადასხვა აქსესუარების გამოფენა – გაყიდვა, რომელზეც ელისაშვილის ახალი წიგნის სახელი “ეს საბურთალოა” ეწერა.
“არ გვაწყენს ვიცოდეთ იმ გარემოს, იმ უბნის წარსული, სადაც ვცხოვრობთ. ცოდნა აღვივებს სიყვარულს. იქნებ ამ წიგნმაც ისე გაუღვივოს ვინმე მავან “დეველოპერს” საბურთალოსადმი სიყვარული, რომ კიდევ ერთი მახინჯი კორპუსის სადმე წიხლით ჩატენვაზე ხელი ააღებინოს. ეს ან მოხდება ან არა, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ საბურთალოს შესახებ, რამდენიმე ამბით მეტი ეცოდინება ყველა მკითხველს, ვიდრე აქამდე იცოდა. შეიძლება კიდევ უფრო მოსიყვარულედ და მზრუნველადაც შეხედოს მერე ამ უბანს. აი, ეს იქნება ჩემთვის დიდი საქმე – ე.ი. ამაო არ ყოფილა ამ წიგნზე შრომა. თქვენი ეგზემპლიარი “ეს საბურთალოა!” მიცკევიჩის #27ა-ში გელოდებათ!”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პრეზენტაციაზე.