გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი თემურ მანველიშვილი ფიქრობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე მისი უფლებები დაირღვა და არ გამორიცხავს, რომ სარჩელით ამჯერად ზემდგომ ისნტანციას მიმართოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რომელიც მერიიდან გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობას, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ეხებოდა.
თემურ მანველიშვილის ინფორმაციით, მოსამართლემ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა და სამოტივაციო ნაწილზე არ უსაუბრია, რის გამოც მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
„მოსამართლეს არანაირი კომენტარი არ გაუკეტებია, მხოლოდ მშრალად თქვა, რომ არ დაკმაყოფილდეს ჩემი სარჩელი. სამოტივაციო ნაწილს დაახლოებით 20 დღეში გამოაქვეყნებს. ვნახავ, რა დაწერა მოსამართლემ, წავიკითხავ, გავაანალიზებ და იმის მიხედვით ვიმოქმედებ. ვიბრძოლებ ბოლომდე. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო მოსამართლის ასეთი გადაწყვეტილება“, – ამბობს გორის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ მანველიშვილი.
ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირება “ღადიო მოზაიკამ” გორის მერსაც სთხოვა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კონსტანტინე თავზარაშვილმა ამჯერად კომენტარის გაკეთება არ ისურვა.