გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ერთ წელში 14 სტიქიური ნაგავსაყრელი გააუქმა

702

​გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში 14 სტიქიური ნაგავსაყრელი გააუქმა.

​”გაწმენდილი და ლიკვიდირებული იქნა გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიიდან შემოსული წერილების და ჩვენი საგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაფიქსირებული სტიქიური ნაგავსაყრელები, ჯამში 14 ლოკაცია”, – ნათქვამია კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

ამასთან, კეთილმოწყობის სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში გორიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, დაახლოებით, 21 916 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანა.

ამავე ანგარიშში ირკვევა, რომ გორის 76 სოფელს და ქალაქ გორს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის, დასუფთავების განყოფილება ემსახურება.

ანგარიშის მიხედვით, ამ დროისთვის ქალაქში 540, ხოლო სოფლებში 1 277 ნაგავშემკრები ურნაა განთავსებული.

“​ქალაქსა და მის მიმდებარედ დღეის მდგომარეობით 540 ნაგავშემკრები ურნა დგას. რაც შეეხება სოფლებს, კეთილმოწყობის სამსახური 76 სოფელს ემსახურება და სადაც 1277 ნაგავშემკრები ურნაა დამონტაჟებული,” – ნათქვამია ანგარიშში

​ამავე ანგარიშის მიხედვით, დასუფთავების სამსახური პოლიეთილენის ტომრების გამოყენებით, პერიოდულად სოფლებში მობნეული მსუბუქი მასის აკრეფვას და დასუფთავებასაც ახდენს.