ხელვაჩაურში სოფელ ზედა ახალშენში მოსახლეობა სოფელთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ითხოვს.
როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილია, რადგან სამი დღის წინ განვითარებული სტიქიის დროს, მიწის მასა ჩამოვიდა, გაწმენდითი სამუშაოები კი ხელვაჩაურის მერიას ამ დრომდე არ დაუწყია.
მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.
“მიწის მასალა კედელზეა მომდგარი. შემეშინდა და ბიძაშვილთან ჩავიყვანე ოჯახი, იქ უარესი სიტუაცია დახვდა. სახლის ფუძე გასკდა. 16 ადამიანი გარეთ ველოდებოდით, რა მოხდებოდა. ახლა სახლებს დავუბრუნდით, მაგრამ გვეშინია. მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ. გვაქვს დასკვნებიც, არაერთხელ მივმართეთ მერიას, მაგრამ უშედეგოდ. ვითხოვთ ყურადღებას, ასევე გზის დროულად გაწმენდას. 14 ოჯახია ჩაკეტილი. სასწრაფო ვერ შემოდის. იყო სოფლის რწმუნებული, გადაიღო ფოტოები და წავიდა. მას მერე არავინ მოსულა, გვპირდებიან და ველოდებით, როდის გახსნიან გზას”, – განაცხადა მანუჩარ კობალაძემ.