გახარია: არჩევნები უნდა ჩავატაროთ ისე, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა – უბრალოდ, არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება

468

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ხელისუფლებას არჩევნებში არანაირი გართულება არ სჭირდება, რადგან სამართლიანად და გამჭვირვალე პირობებში გაიმარჯვებს.

„ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც, პარალელურად, ახლა არჩევნები უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ღირსეულად მივიჩნევთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.

„სიღნაღში ბევრი რამ გაკეთდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგულისხმობ, თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს წყალი. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება ახლაც მიმდინარეობს, ყველამ კარგად იცით, რომ სიღნაღს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ 2018 წელს. სამწუხაროდ, ეს დრო გაიჭიმა, მაგრამ წელს ეს დასრულდება, ისევე როგორც წნორში. დაახლოებით 27 მილიონი ლარი იხარჯება სოფლების წყალმომარაგების თვალსაზრისით. როგორც კი წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება, შემდეგი ეტაპი იქნება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა და შიდა სასოფლო გზები. ყველაფერი ეს, არა მხოლოდ სიღნაღში, არამედ მთელი საქათველოს მასშტაბით. უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს ის ფულია, რომელიც სისტემურ პროექტებში დაიხარჯება. გაზი, წყალი, გზები, წყალარინები, კანალიზაცია, სარწყავი სისტემები, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში საბაზისო ინფრასტრუქტურა ნორმალური იყოს“,-განაცხადა გახარიამ.