საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით გრანტი 170 დევნილს გადაეცემა

440

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გრანტს 170 დევნილს გადასცემს.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, კომისიამ გამარჯვებულები, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 3 პროგრამის ფარგლებში გამოავლინა.

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2500 ლარის ღირებულების ტექნიკა და ხელსაწყოები 135 დევნილს გადაეცემა. სახელობო იარაღები დევნილებმა საჭიროებების შესაბამისად, თავადვე შეარჩიეს. პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეეძლოთ.

ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქმიანობის ხელშეწყობისა და გაფართოების მიზნით, 20 დევნილი მეწარმე 4000-დან 7500-მდე ლარის ფარგლებში დაფინანსდება. მეწარმეები მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულებას იღებენ. პროგრამა სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AHH) თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სათბურის მოწყობის მიზნით, 15 დევნილი დაფინანსდება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტი ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიენიჭათ. პროგრამა სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება.