დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ბინებს გორში შეისყიდის.
,,სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი გამოიყო.
საკონკურსო წინადადების მიღება 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) უნდა წარადგინონ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებ-გვერდზე: https://idp.gov.ge/statement-14/“, – ნათქვამია ინფორმაციაში.