2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, 2020-2024 წლებში აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც დამატებით აშენდება 200 კილომეტრი ავტობანი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საგზაო სამუშაოების ტემპი და მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა:
2012 წლის ბოლოსთვის, საქართველოში სულ 68 კილომეტრი ავტობანი იყო დაგებული, 2012-20 წლებში კი სამჯერ მეტი, 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა. მხოლოდ 2020 წელს იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული.
კიდევ უფრო გაიზარდა გზების რეაბილიტაციის ტემპი – განხორციელდა 3 300 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია, აშენდა და კაპიტალურად შეკეთდა 500-ზე მეტი ხიდი
10-ჯერ გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში. განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი 48 მუნიციპალიტეტში, რის შედეგად გაორმაგდა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ მოქალაქეთა რიცხვი. ქუთაისის, ზუგდიდის, ჭიათურის მოსახლეობას პირველად აქვთ უწყვეტი წყალმომარაგება.
მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, მხოლოდ სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1200 ქართული კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.
ორნახევარჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი – თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა. 2012 წლიდან გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი, ხოლო ელექტრომომარაგების ქსელში ჩაერთო ათეულობით უშუქო სოფელი – ყველა დასახლება უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, მათ შორის ისეთი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდა.
2020-2024 წლებში აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც დამატებით აშენდება 200 კილომეტრი ავტობანი და ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა და თბილისიდან ბათუმში 3,5 საათში შევძლებთ უსაფრთხოდ ჩასვლას. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავისი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეძლებს გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრი.
2024 წლამდე დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ბათუმი-ახალციხის, თბილისი-საგარეჯოს, ბაკურციხე-წნორის, გურჯაანის შემოვლითი გზის და სხვა ახალი გზების მშენებლობა, რითაც დიდ ბიძგს მივცემთ რეგიონების განვითარებას, შევქმნით ახალ ტურისტულ მარშრუტებს და ახალ კავშირებს.
ახალი გზების მშენებლობის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1500 კილომეტრ გზას, 200-ზე მეტ ხიდსა და გვირაბს.
შედეგად, 2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, თუმცა ახალი გზების მშენებლობის გარდა, 2021-2024წწ 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგების სამუშაოები – 2024 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის 77 პროცენტი ისარგებლებს, როცა 2012 წელს მხოლოდ 25 პროცენტი სარგებლობდა.
2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება და შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს.
დამატებით, ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე.
კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს.
რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას, როგორიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, მესტია, ველისციხე, კობი, თრუსოს ხეობა და სხვა.
მომავალი 4 წლის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება ათასობით პროექტი.
ჩვენ გავაგრძელებთ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების თანაბარ და სწრაფ განვითარებას, უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ქალაქებსა თუ სოფლად და შექმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმებისა და კეთილდღეობისთვის“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.