ვიქნები დეცენტრალიზაციის მთავარი ლობისტი – ქუთაისის მერობის ლეიბორისტი კანდიდატი

1340

ვიქნები დეცენტრალიზაციის მთავარი ლობისტი – ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ლეიბორისტული პარტიიდან, ირაკლი კიკვაძემ ადგილობრივი ტელეკომპანიის – “მეგა TV”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირებისგან უნდა მოდიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მოთხოვნა, ამიტომაც, ის აპირებს, გაუწიოს აქტიური ლობირება ამ საკითხს.

კიკვაძე ამბობს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში მმართველობის დეცენტრალიზაცია მოხდეს, ვინაიდან სწორედ დეცენტრალიზაციამ და თვითმმართველობის გაძლიერებამ განავითარა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა პოლონეთი და ჩეხეთი.

კიკვაძე თვლის, რომ თვითმმართველობა ორდონიანი უნდა გახდეს. ამასთან, უნდა განხორციელდეს ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია, ხოლო სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი მუნიციპალურ სერვისებად უნდა გარდაიქმნას.

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ქუთაისს უნდა გადაეცეს, ხოლო გადასახადების დიდი ნაწილი, ნაცვლად ცენტრალური ბიუჯეტისა, ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შედიოდეს.

კიკვაძე პირობას დებს, რომ, მისი გამარჯვების შემთხვევაში, აქტიურად იმუშავებს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობის რეალური რეფორმა გაატაროს.