ცესკო: კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიებით ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობენ

757

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რაც მიზანმიმართულად დაძაბული ფონის შექმნასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

მათი განმარტებით, ცესკო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით მრავალიწელია სარგებლობს, მაგრამ მსგავსი პოლიტიკური განცხადებებით, ცდილობენ იგი პოლიტიკურ პლატფორმად გადააქციონ და მის რეპუტაციას ზიანი მაიყენონ. ცესკოში აცხადებენ, რომ ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი არ არის, ამიტომ ასეთ დროს, მსგავსი განცხადებების ავტორებს პოლიტიკური პოზიციონირების შესაძლებლობა არ მიეცემათ.

“ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა როგორც კომისიის წევრისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის, განსაზღვრავს მათი უფლებამოსილების ფარგლებს, რომელიც ცალსახად არ ითვალისწინებს მსგავსი განცხადებების თუ ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას. უფრო მეტიც, დამკვირვებელი უფლებამოსილია, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, მათ შორის კომისიის სხდომებს და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, კომუნიკაციის დაშვებული ფორმები და არ ჩაერიოს სხდომის მიმდინარეობაში პოლიტიკური თუ სხდომის საკითხებთან შეუსაბამო განცხადებების გაკეთების მიზნით”, — ვკითხულობთ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ცესკოში აღნიშნავენ, რომ სხდომაზე დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხები სხვადასხვა საარჩევნო ღონისძიების განხორციელების მიზნით განიხილება და კომისიის ყველა წევრს, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს.

“ცესკოს სხდომაზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისისიაში იმედს გამოთქვამენ, რომ კომისიის წევრები, წარმომადგენლები და დამკვირვებლები საარჩევნო კანონმდებლობას დაიცავენ და თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ.