ტრანსატლანტიკურმა კომისიამ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებისა და კანდიდატებისთვის არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის დათქმა შეიმუშავა. დათქმაზე ხელმოწერით, პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკებს, რაც პირდაპირ, თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს.
დათქმას უკვე მოაწერეს ხელი “ქართულმა ოცნებამ”, “ევროპულმა საქართველომ”, “ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა – გაერთიანებული საქართველო. დათქმაზე ხელი არ მოუწერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
ამის შესახებ დღეს ვირტუალურ პრესკონფერენციაზე ტრანსატლანტიკური კომისიის თავმჯდომარემ, ანდერს ფოგ რასმუსენმა ისაუბრა. როგორც NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ისაუბრა, ბოლო ანგარიშების მიხედვით, რუსეთი კვლავ ცდილობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში კიდევ ერთხელ ჩარევას. ამის ერთერთ მაგალითად, ფოგ რასმუსენმა Facebook-ის მიერ გასულ კვირაში გამოვლენილი რუსული ყალბი ქსელი მოიყვანა, რომელსაც მათ შორის, მიზანში საქართველო ჰქონდა ამოღებული.
“საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები აწუხებს რუსეთს, ამიტომაცაა, რომ მოსკოვი მიზანში იღებს ამ არჩევნებსაც. აქედან გამომდინარე, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ შეიმუშავა დათქმა საარჩევნო წესიერების დასაცავად, რომელსაც აქვს გლობალური სტანდარტები, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს. ამ დათქმის აუდიტორია არის არა ჩვენი კომისია, არამედ ქართველი ამომრჩეველი.
ამ დათქმის მიზანია, რომ შეამციროს ჩარევის საფრთხე და გაზარდოს ქართული დემოკრატიის მედეგობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. მათ, ვინც უცხოეთიდან ერევიან, იციან, რომ კანდიდატებს სჭირდებათ გამარჯვება და ზოგიერთი მათგანი დამატებითი დახმარების მისაღებად ნებისმიერთან ითანამშრომლებს, მაგრამ ამ შეთანხმებით ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ცხადად თქვან, რომ ისინი წინ აღუდგებიან ნებისმიერ პირდაპირ, თუ ირიბ დახმარებას უცხოელი ბოროტი აქტორებისგან. მოკლედ, ეს არის შეთანხმება ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პატიოსანი და წესიერი კამპანიის წარმოება.
ჩემი გზავნილი ქართულ პარტიებთან და კანდიდატებთან არის მარტივი – ხელი მოაწერეთ დათქმას.
იმედი გვაქვს, რომ მეტი პარტია შეუერთდება ჩვენს ინიციატივას. დათქმაზე ხელმოწერით კანდიდატები და პარტიები ცხადს გახდიან, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიის დაცვაა, იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატიას სჭირდება ქართველი დემოკრატების დაცვა”. – თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტის წევრობის მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, პირობას ვდებთ, რომ არ დავეხმარებით და არ წავაქეზებთ იმათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას.
კერძოდ კი, აქ ხელის მოწერით, პირობას ვდებთ, რომ:
- არ დავამზადებთ, არ გამოვიყენებთ და არ გავავრცელებთ ცრუ და ყალბ, ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებული პირადი ხასიათის ან მოპარულ მონაცემებს და მასალას, დეზინფორმაციის ან პროპაგანდის მიზნებისთვის.
- თავიდან ავიცილებთ ცრუ აუდიო, ვიდეო ან ფოტო, მათ შორის დიფფეიქ ტექნოლოგიით დამზადებული მასალების გავრცელებას, რომლებიც ყალბად განასახიერებენ არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს.
- გამჭვირვალეს გავხდით ბოტური ქსელების გამოყენებას საარჩევნო მასალების გავრცელებისთვის. მოვერიდებით ოპონენტებზე თავდასხმას, ამ ქსელების, მესამე მხარეების და მარიონეტების საშუალებით.
- აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ კიბერ უსაფრთხოების განსამტკიცებლად და კიბერ შეტევების დროულად ამოცნობის და თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად საარჩევნო კამპანიაში მონაწილე თანამშრომლების ჩავუტარებთ სწავლებებს მედია წიგნიერებასა და რისკების გაცნობიერებაში.
- გამჭვირვალეს გავხდით ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს.