პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარტია “ლელოს” კანონპროექტი, რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატებს დებატებში მონაწილეობას ავალდებულებს, პროვოკაციული და რეალობას აცდენილია.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, შესაძლოა, ამომრჩეველს არ სურდეს, რომ ის დებატებში “ნულოვანი რეიტინგის მქონე” პარტიასთან დაჯდეს.
“ლელომ” შემოიტანა აბსურდული კანონპროექტი, რომელიც განხილული იქნება თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვითომ პოლიტიკურ ველზე ცდილობენ, რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას, რომ თუკი კანდიდატი უარს იტყვის დებატებში მისვლაზე, მას უნდა მოეხსნას რეგისტრაცია. არავინ კითხულობს იმას, რა დამოკიდებულება აქვს ამომრჩეველს ამ საკითხის მიმართ. იქნებ არ სურს ჩემს ამომრჩეველს, რომ დებატებში დავჯდე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიასთან, მით უმეტეს, რომელიც მევახშეობის რესურსზეა აშენებული. ან სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, დებატები აუცილებელია, თუმცა “არანორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში”, პოლიტიკოსმა შეიძლება, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს.
“დებატები აუცილებელი და ნორმალური ქვეყნისათვის დამახასიათებელია, თუმცა არანორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში, შეიძლება, რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილებაც მიიღოს პოლიტიკოსმა. პოლიტიკოსის გარდა, ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებიც ვიყურებით ამომრჩევლისკენ და მის შეკვეთას ვასრულებთ”, – თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა.
ცნობისთვის, პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” დღეს პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სახელისუფლებო კანდიდატები ვალდებული იქნებიან, მოწვევის შემთხვევაში დებატებში მიიღონ მონაწილეობა.
“სახელისუფლებო კანდიდატებს უნდათ თქვენი ხმები, მაგრამ არ უნდათ, რომ კითხვებს გასცენ პასუხები. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. არჩევნები პოლიტიკური დებატების გარეშე ცივილურ სამყაროში არ არსებობს. ვგეგმავთ, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება – 51-ე პრიმა მუხლი, რომელიც დაავალდებულებს სახელისუფლებო კანდიდატს, მოწვევის შემთხვევაში დებატებში მიიღოს მონაწილეობა. თუ კანდიდატი 2-ჯერ არ მიიღებს მონაწილეობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას რეგისტრაცია გაუუქმდება”, – განაცხადა პარტიის წევრმა კახა კოჟორიძემ.