პარლამენტი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს

403

პარლამენტი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც სახელწოდებაც ეცვლება და “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონი დაერქმევა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროექტის წარდგენისთანავე აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება. მისი თქმით, ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობით განისაზღვრება.

კანონპროქტით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს – უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევის წესს, კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.