გორში სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები სიჩქარის შემანელებელი, ხელოვნური უსწორმასწორობის მოწყობას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნული მოთხოვნით გორის მუნიციპალიტეტის მერიას ძმები რომელაშვილების, გალუსტაშვილის და სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს. როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, მოსახლეობა საგზაო ნიშნის განთავსებას უსაფრთხოების მიზნით ითხოვს.
“ძმები, რომელაშვილების N97-ში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა სტუდია და საჭიროა სიჩქარის შემაკავებელი ნიშნის დაყენება, რაც შეეხება გალუსტაშვილის ქუჩას, აქ სკვერი მდებარეობს, რის გამოც მოსახლეობა ხელოვური ბარიერის განთავსებას ითხოვს, ხოლო სუხიშვილის ქუჩიდან მერიამ, კორპუსების კოლექტიური განცხადება მიიღო, რომლებიც N18, N20 და N22 საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლები, კორპუსებს შორის ითხოვენ ხელოვნურ ბარიერს დაყენებას”, – ნათქვამია საკრებულოს განკარგულებაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, შსს-ს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოსთან ერთად, შეისწავლა მითითებულ მისამართებზე არსებული მდგომარეობა და მიზანშეწონილად მიაჩნია შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება.
აღნიშნულ საკითხს საკრებულოს დეპუტატები კომისიის და ბიუროს სხდომაზე განიხილავენ და მორიგ საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.