საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია,
აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას,
მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და
რეკომენდაციით მიმართავს:
- ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებს:
გაითვალისწინონ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის ერთიანი სტანდარტის შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების აკრძალვას.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, ელფოსტა), საინფორმაციო მომსახურებისა (მათ შორის, ოფიციალური ვებგვერდი ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედია) და სხვადასხვა სახის ტექნიკის (მათ შორის, ზემოხსენებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების გზით პირად სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება) გამოყენება იკრძალება, გარდა პოლიტიკური პარტიებისა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.
აღნიშნული მიზნებისათვის ორგანიზაციებად, რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განიხილებიან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები; ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საჯარო და კერძო სამართლის ის იურიდიული პირები, რომლებშიც სახელმწიფოს წილი შეადგენს 20%-ს ან მეტს.
- ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:
მათ სტრუქტურებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს კიდევ ერთხელ შეახსენონ უკვე გამოცემული განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეთხოვოს მუნიციპალიტეტებისათვის ინფორმაციის კიდევ ერთხელ მიწოდება და მათთან განმარტებითი სამუშაოს წარმოება აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მიზნით.