ოპოზიცია ხელისუფლებას ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ადანაშაულებს

834

ოპოზიცია ხელისუფლებას ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ადანაშაულებს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ წევრები, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ახორციელებენ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ.

„საარჩევნო კამპანის ნელ-ნელ კრეფს ტემპს და ჩვენი საზოგადოება უკვე მომსწრეა იმ ძალადობრივი სცენარის, რომელიც კარგად გვახსოვს წინა არჩევნებიდან. წინა წლებში არცერთი ასეთი ძალადობა არ ყოფილა გამოძიებული და არცერთი დამნაშავე არ ყოფილა ადეკვატურად დასჯილი და სწორედ ეს არის ძალადობის პოლიტიკური მფარველობა, სწორედ ეს ახალისებს ძალადობას და ამიტომ იყო ფარისევლობა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ვითომ გაამკაცრა სანქცია ძალადობისთვის.

ჩვენ ველით გამკაცრებული სანქციების ამოქმედებას, ველით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, რადგან, როგორი ძალადობრივი კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, ეს მას ვერ უშველის, ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი, რასაც ქვების სროლით იზამენ, გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში.

ქვეყანას სჭირდება წინსვლა, ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერი ძალადობრივი კამპანიის პირობებში, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური და ღირსეული ცვლილებები და ამიტომ, 31 ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არიან, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ძალადობის ორგანიზება და წახალისება და დასაჯონ ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე,“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით კი, ძალდობა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არის აგონიისა და ძალაუფლების დაკარგვის ნიშანი.

„ივანიშვილი ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას და ამიტომ აპირებს, გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი, მათ შორის ყველაზე არალეგალური მეთოდებიც. თუმცა, ეს ყველაფერი მისი მხრიდან იქნება წარუმატებელი და „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ მას შემდეგ რაც დამარცხდება ივანიშვილი და მას შემდეგ რაც დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები, არასოდეს საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორდეს მსგავსი ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში.

არჩევნების დასრულებამდე, ბუნებრივია, არაფერი არ იქნება გამოძიებული და მოლოდინი იმისა, რომ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი თავისი თავის საწინააღმდეგოდ, არ არსებობს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის სწორედ ეს, რომ კანონის ასეთი შერჩევითი მისადაგება აღარ განმეორდეს აღარასოდეს. წინა არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის წინასაარჩევნოდ იყენებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რაღაც შეთითხნილ ჩანაწერებს, იყენებს ძალადობას, მოსყიდვას და პირველ რიგში იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქედან გამომდინარე, არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის და სწორედ ამიტომ, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, სუს-ი უნდა დაიშალოს და იმ ფორმით, რომლითაც ის დღეს არის, აღარ უნდა იყოს, ყველა მსგავსი ძალადობრივი ქმედება და ნაბიჯი უნდა იქნას გამოძიებული და უნდა იქნას განთავისუფლებული გარემო ესეთი უხეში ჩარევისგა. „ევროპული საქართველო“ იქნება ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში,“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მხოლოდ ძალადობა დარჩა “ქართულ ოცნებას” თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში, – ამის შესახებ

რაც შეეხება, „ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის განცხადებას, ის ხელისუფლებას არჩევნების მშვიდად ჩატარებისკენ მოუწოდა.

„არ მაქვს ილუზია, რომ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეს დასჯიან. ამიტომ ვერდიქტი ქართველმა ხალხმა უნდა გამოიტანოს. არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რომ 8 წლის წინ, სამართლიანობის დროშით მოსული პარტია განაგრძობს მისი წინამორბედის მეთოდებით ქვეყნის ძალადობრივ მართვას. სწორედ ძალადობა და დაშინება დარჩა “ქართულ ოცნებას” თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში. სხვა მათ ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ამის გამო ისინი გაურბიან ყველანაირ სატელევიზიო დებატს. მინდა, მოვუწოდო ჩემს თანამემამულეებს, გავიაზროთ წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობა. დღეს, როგორც არასდროს, სათავეში გვჭირდება ახალი, სუფთა წარსულის მქონე, პროფესიონალების გუნდი, ვინც გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან. ახლა დიდი ცვლილებების დროა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.