ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატის ნატო ჩხეიძის პლაკატები კვლავ ჩამოხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ნატო ჩხეიძის შტაბმა „საქართველოს მედია-კლუბს“ მიაწოდა.
მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმციით, ქარელის სოფელ მოხისში პლაკატები შაბათს, 26 სექტემბერს, ხოლო ხაშურის სოფელ ტეზერში კვირას, 27 სექტემბერს ჩამოხიეს.
აღსანიშნავია, რომ ნატო ჩხეიძის პლაკატები რამდენიმე დღის წინ რამდენჯერმე ჩამოხიეს.
შეგახსენებთ, რომ ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე “ძალა ერთობაშიას” სახელით მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს ხაშური, ქარელის და გორის ნაწილის საარჩევნო ოლქში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.