იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ

802

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ.

იოსებ ხახალეიშვილმა მერიის მიერ ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სკვერების და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კულტურულ-სახელოვნებო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების რებილიტაცია და ა. შ.

შეხვედრაზე კანდიდატები ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ გამოწვევებს გაეცნენ და ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინეს.

„იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თითოეულ მოქალაქეს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ გარკვეული ხედვები ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თითოეული თანაქალაქელის რაციონალური რჩევა და გონივრული მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს ქალაქის მერმა. მახარებს, რომ ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი ჭკვიანი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.