მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში, დღეს, რიგით მეათე თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა.
თბილისის მერიის ინფორმციით, აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.
„თბილისის მერიის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალში მონაწილე გუნდებს და ორგანიზატორებს, რომ მიუხედავად რთული პანდემიური ვითარებისა, მაღალი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით, წელს მაინც მოამზადეს მოკრძალებული საფესტივალო პროგრამა. ქართულ საგუნდო მუსიკას დიდი ისტორია აქვს და ვამაყობთ, რომ ამ ფესტივალის წარმდგენის სტატუსით, ხელს ვუწყობთ მის განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ფიროსმანი”, ახალგაზრდული შერეული გუნდი “თუთარჩელა”, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “მძლევარი”, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი “ლირა”, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ერქვანი”, გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი “მართვე”, თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ბიჭები”, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტური კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.
ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობა, რაც უდიდესი სტიმულია საქართველოში მოქმედი გუნდებისათვის. ამ ხნის განმავლობაში, ყოველწიურად, საფესტივალო კონცერტები იმართებოდა, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე, ექსპერიმენტულ სივრცეებში, თუმცა წელს, არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, ფესტივალი წარმოდგენილი იქნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში.
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია – განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო გენერალური პარტნიორი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
პროგრამა
27 სექტემბერი 16:00
გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა
ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე
10 ოქტომბერი 16:00
– გორის ქალთა კამერული გუნდი
ხელმძღვანელი თეონა ცირამუა
– ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ფიროსმანი”
ხელმძღვანელი მამუკა გულაღაშვილი
– ახალგაზრდული შერეული გუნდი “თუთარჩელა”
ხელმძღვანელი თამარ ბუაძე
– ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “მძლევარი”
ხელმძღვანელი კახაბერ ონაშვილი
11 ოქტომბერი 16:00
– საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი “ლირა”
ხელმძღვანელი თამარ თალაკვაძე
– სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი
ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი
– ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ერქვანი”
ხელმძღვანელი კახაბერ. შაქიშვილი
– ანსამბლი “მართვე”
ხელმძღვანელი ვარლამ ქუტიძე
14 ოქტომბერი 16:00
-თბილისის ქალთა გუნდი
ხელმძღვანელი ომარ ბურდული
– ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა
ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე
– გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი
ხელმძღვანელი ნინო წიკლაური
– ვაჟთა ფოლკლორული გუნდი “ბიჭები”
ხელმძღვანელი . ვახტანგ ერქომაიშვილი
– ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტური კაპელა
ხელმძღვანელი. ლაშა მიროტაძე
– ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი
ხელმძღვანელი მიხეილ ედიშერაშვილი.