ორგანზიაციამ „დევნილები დევნილებისთვის” გმირთა მემორიალთან აქცია გამართა

479

გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციის „დევნილები დევნილებისთვის” შეძახილებით „აფხაზეთის მთავრობა სირცხვილია!” დახვდნენ.

ისინი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს დევნილთა მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ისინი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ უფლებებს არავინ იცავს.

რუსლან აბაშიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია აქციის მონაწილეების მოთხოვნები.

“მოთხოვნა ჩვენთვის გაუგებარია, აქციის მონაწილეები აქ არიან და იმედი მაქვს, შემდგომში იქნება შესაძლებლობა, რომ გავესაუბროთ. ვერ გეტყვით, რას ითხოვდნენ”, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მან ასევე დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი ერთ- ერთი ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში.

“ჩვენ ოკუპაციას დავუპირისპირებთ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ აფხაზი ერის კულტურა და ენა და ამაში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი მთავრობა საერთაშორისო ორგანიზატორების დახმარებით,”- განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისათვის, დღეს სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.