ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი და „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ–ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ კორონავირუსმა მის პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალა, რადგან ყველაზე მეტი ინფიცირებული მათ ჰყავთ. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ელოდება განმეორებით ტესტირების ჩატარებას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა, იგი, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
„სამი დღე მქონდა ტემპერატურა, ახლა კარგად ვარ და მკურნალობას ვაგრძელებ. სიმპტომები არ მაქვს. გაციებისკენ მიდრეკილი ორგანიზმი მაქვს და რომ არა ლევან გოგიჩაიშვილთან კონტაქტი, ვერც ვიფიქრებდი, რომ კორონავირუსი შემხვდა. რაც შეეხება მკურნალობას, ძირითადად ანტიბიოტიკებს მიკეთებენ, არის გადასხმებიც, უმნიშვნელო დოზით ჰორმონი, ორგანიზმმა რომ გაუძლოს“, – ამბობს გედევან გოფხაძე.
ფოფხაძე ამბობს, რომ კორონავირუსმა „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალა.
„აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად დაჩაგრულები ჩვენ ვართ. პარტიაში 10–მდე კაცს დაგვიდასტურდა კორონავირუსი. აქედან ოთხი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ხომ წარმოგიდგენიათ რა ცუდი მდგომარეობაა“, – ამბობს იგი.
გედევან ფოფხაძე „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი, აღმასრულებელი მდივანი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.