მეზვრიშვილი: თბილისში შეზღუდვების დაწესების საჭიროება ჯერ არ არსებობს, თუმცა თუ დაგვიდგება, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს იყოს ლოკალური

1043

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღესდღეობით შეზღუდვები პოსტ – ფაქტუმ წესდება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ წამყვანის კითხვაზე, აჭარის გარდა სხვა რეგიონებში, მათ შორის, თბილისში უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს შეზღუდვებს, მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით თბილისში მსგავსი შეზღუდვების საჭიროება არ დგას და საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვები მაქსიმალურად ლოკალური იქნება.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თუ რა ლოგიკით აწესებს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებს.

„თავდაპირველი მდგომარეობისგან განსხვავებით, დღეს სხვა მეთოდებს ვიყენებთ. იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სექტორი უკეთაა მომზადებული, მათ შორის, იგულისხმება საწოლ ფონდის რაოდენობა, ჩატარებული ტესტების რაოდენობა, რომელიც 10-ჯერ მეტია მარტსა და აპრილში ჩატარებულზე, გაზრდილი შესაძლებლობების პირობებში, დღეს შეზღუდვებს ვაწესებთ პოსტ – ფაქტუმ იქ, სადაც ვნახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა მზარდია. ერთ-ერთი ასეთი რეგიონი აჭარა იყო. თბილისში ჯერ ამის გაკეთების საჭიროება არ არსებობს, თუმცა თუ შეზღუდვების დადგენის საჭიროება დაგვიდგება, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს იყოს ლოკალური. პირობითად, თუ გავრცელდება სასწავლო დაწესებულებაში, ეს იყოს ლოკალური, იყოს კონკრეტული საკლასო ოთახი, სკოლა და არა მთლიანი რეგიონი. აჭარასთან დაკავშირებითაც ამ ლოგიკას გავყევით. აჭარაში არის მდგომარეობა, როდესაც მობილობის შემცირება მიზანშეწონილია და ყველა შეზღუდვის მიზანი, რასაც ვაწესებთ მობილობის შემცირება იყო, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე განცხადებით, აჭარაში დაწესებული შეზღუდვები, რაც 25 სექტემბრის 22:00 საათიდან რესტორნები დახურვას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მთლიანად შეჩერებას გულისხმობს, მოიხსნება, როგორც კი შეზღუდვები კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.