მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რა დროით მოუწევთ სწავლის დისტანციურად გაგრძელება თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და რუსთავის სკოლების მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო გადაწვეტილებას ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღებს.
„კონკრეტულ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, 1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეები სწავლას ფიზიკურად კლასებში გააგრძელებენ. რაც შეეხება, ფოთსა და გორს, იქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩამოთვლილ სხვა ქალაქებში. ამ ქალაქებში, პირველი ოქტომბრიდან, 1-ელი და მე-6 კლასის, ასევე მე-7 და 12-ე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას ასევე ფიზიკურად გააგრძელებენ საკლასო ოთახებში.
შეგვიძლია, მშობლები დავამშვიდოთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდვები უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ. არ ვაპირებთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ამაზე განცხადება არაერთხელ გაკეთდა, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლების, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების გამოყენებას. შეზღუდვებს, რასაც ლოკალურად ვაწესებთ, ვაწესებთ იქ, სადაც რეალურად ფიქსირდება რაოდენობის მატება. მაქსიმალურად ვცდილობთ, როგორც კი გაუმჯობესდება ეპიდვითარება , ეს შეზღუდვები ეტაპობრივად მოვხსნათ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა