კოსტრომის რეგიონში, პოვალიხინსკის სოფლსაბჭოს ხელმძღვანელის არჩევნები მოიგო მარინა უდგოდსკაიამ, რომელიც ადმინისტრაციაში დამლაგებლად მუშაობს.
არჩევნებში 35 წლის უდგოდსკაია დასახლების ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ნიკოლაი ლოკტევის ერთადერთი მეტოქე იყო. მან ხმათა თითქმის 62% მიიღო – საარჩევნო უბანზე მისული 130-ზე მეტი ადამიანიდან მას 84-მა დაუჭირა მხარი.
ოფიციალურად უდგოდსკაია კანდიდატად რუსეთის პენსიონერთა სოციალური პარტიის რეგიონალური განყოფილების მიერ დასახელდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის არჩევნებზე ლოკტევის თხოვნით წავიდა, რათა ის უალტერნატივო არ ყოფილიყო და არჩევნებში მონაწილეობა, მის გარდა, სხვასაც მიეღო.
“უბრალოდ სხვა კანდიდატი არ იყო და მე ცრუ კანდიდატივით ვიყავი. დახმარება მინდოდა. არ მეგონა, რომ ხმას მომცემდნენ, არ ველოდი ასეთ შემობრუნებას. საერთოდ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ხალხი მოვიდა და ხმა მომცა”.
უდგოდსკაიას თქმით, მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა თავის ახალ პასუხისმგებლობაზე. “ეს ძნელია: მე არასდროს მქონია საქმე საბუთებთან”, – უთხრა მან ჟურნალისტებს. ის, უფლებამოსილებაში შესვლისთანავე, მანდატის დათმობას ფიქრობს – ამ შემთხვევაში კი დასახლებაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
საერთო ჯამში, პოვალიხინის სოფლსაბჭოს დასახლებებში 562 ადამიანი ცხოვრობს, მისი ტერიტორია კი 400 კვადრატულ კილომეტრს აჭარბებს. თავად უდგოდსკაია ამბობს, რომ მან არ იცის არც ამ დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის და არც თავად მასში შემავალი სოფლების რაოდენობა.
წყარო: მედუზა