საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და შესაბამისი ჯარიმები შემოდის. ამ მიმართულებით, საარჩევნო კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატების ავტორობით მომზადდა.
კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად, სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით საჯარო სივრცეში ზემოხსენებული საშუალებების გამოყენებით გავრცელებული სააგიტაციო მასალა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღების შედეგად, ერთი მხრივ, გაიზრდება საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჯანსაღი კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებით წარმოების შესაძლებლობა და, მეორე მხრივ, შემცირდება დღესდღეობით საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზაცია. ეს კი, საბოლოოდ, უკეთესი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს.
გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტით იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით გავრცელებული წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
მოთხოვნათა დარღვევისათვის კანონპროექტით განისაზღვრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ დაჯარიმებული პირი არ უზრუნველყოფს შესაბამისი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას, იგი აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე დაჯარიმდება 4000 ლარის ოდენობით, ვიდრე არ უზრუნველყოფს ამ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას.