კახა კოჟორიძის განცხადებით, „ლელოს” პრემიერმინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება

410

პარტიის „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, „ლელოს” პრემიერმინისტრობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ამის შეახებ კოჟორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, კონკრეტულ კანდიდატზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ლელოს” ეყოლება პრემიერმინისტრობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება ამ არჩევნებზე აუცილებლად შეიცვლება. მე ვხვდები მოსახლეობას ხაშურში, ქარელში, გორის სოფლებში და მინდა გითხრათ, სადაც ჩავდივარ არსად არავინ შემხვედრია, რომელსაც მოსწონს ეს ხელისუფლება, აქვთ ცვლილებებს მოლოდინი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება შეიცვლება და იქნება კოალიციური მთავრობა. პრემიერობის კანდიდატს არჩევნებამდე დავასახელებთ”,- განაცხადა კოჟორიძემ.

ამას გარდა, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, „ლელო” არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად.

„არანაირი კოალიცია და ბლოკი არ იგეგმება. გვყავს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები და გვაქვს პროგრამები – „მარშალის გეგმა”, რომელიც საყოველთაო შეფასებით, პოლიტიკურ სპექტრში საუკეთესოა. დანარჩენ ოპოზიციაში რა დაპირისპირბებია, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის განმსაზღვრელი და არც საინტერესო”,- განაცხადა კოჟორიძემ.