„თბილისის მიკროავტობუსში“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან, რეგულაციების გამკაცრების კუთხით, ახალი მითითებები არ გაცემულა

432

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების კუთხით, ახალი მითითებები არ გაცემულა. ინფორმციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსისა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მგზავრთა მხრიდან რეგულაციების დაცვა მაქსიმალურად კონტროლდება და ასევე, სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია ყოველდღე ხდება.

როგორც „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, მძღოლები, რომლებიც რეგულაციებს არ იცავენ, ნაცვლდებიან სარეზერვო მძღოლით და მათ საშუალოდ 10-დან 14 დღემდე ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვა ეზღუდებათ.

„ჩვენ სახელმწიფო რა წესებსაც დაგვიწესებს იმას ვემორჩილებით. მძღოლი, რომელიც არ იცავდა დაწესებულ რეგულაციებს, ნაცვლდებოდა სხვა სარეზერვო მძღოლით. შესაბამისად, ამ ტიპის ბერკეტებმა გამოიღო შედეგი და ასეთი ტიპის შემთხვევები არა თუ მინიმუმამდე, არამედ არის დღეები, როდესაც საერთოდ არ ფიქსირდება მსგავსი შემთხვევა. მძღოლის მიმართ გაცემულ სანქციებს აქვთ გარკვეული პერიოდები, არის საშუალოდ ათი დღიდან ორი კვირის ჩათვლით შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვის აკრძალვაზე. ასეთი ტიპის სანქციები ჩვენთან პირველად არ არის და პანდემიის პერიოდამდეც არსებობდა“, – აცხადებენ „თბილისის მიკროავტობუსში“.

კომპანიის ცნობით, როდესაც მგზავრი რეგულაციებს არ ემორჩილება, ასეთ დროს მძღოლს აქვს უფლება არ დაძრას მიკროავტობუსი.

„ერთადერთი უფლება, რომელიც მძღოლს კომპანიამ მისცა არის ის, რომ მგზავრის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, რაც გულისხმობს ფეხზე დგომას და პირბადის გარეშე ტრანსპორტში ამოსვლას, მძღოლს შეუძლია არ დაძრას მიკროავტობუსი. ჩვენ აქცენტი ისევ მომხმარებლებზე გადავიტანეთ, ვთხოვეთ მგზავრებს, რომ თავადაც ნუ შეიქმნიან საფრთხეს და ნურც სხვას შეუქმნიან“, – განაცხადეს „თბილისის მიკროავტობუსში“.

გარდა ამისა, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, არის შემთხვევები, როდესაც მგზავრი არ ემორჩილება რეგულაციებს და ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება ხდება საჭირო.

„ყველა რეგულაციას ვიცავთ, რაც ჯანდაცვის შესაბამისი ორგანოს მიერ არის გაცემული. რეგულაცია ეხება იმას, რომ იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული მგზავრის პირბადით გადაადგილება, მძღოლის იზოლირება მგზავრისგან. გარდა ამისა, მეტროს ვაგონებსაც და ავტობუსებსაც ყოველდღიურად უტარდებათ დეზინფექცია. სხვა დამატებითი მითითება რეგულაციების გამკაცრებაზე არ მიგვიღია. ამ ეტაპზე ვასრულებთ იმ რეგულაციებს, რაც გაიცა თავიდან. მეტროში შემსვლელ მგზავრებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი აკონტროლებს, ხოლო ავტობუსში კონტროლიორი და კონდუქტორი. გარდა ამისა, თუ ავტობუსის მგზავრი პირბადის გარეშეა, მძღოლს მიეცა უფლება, რომ არ დაძრას ავტობუსი და ასეთ დროს საპატრულო პოლიციის გამოძახებაც ხდება ხოლმე საჭირო“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომპანიები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ გადაადგილების დროს დაიცვან რეგულაციები, ნუ ავლენ გადატვირთულ ტრანსპორტში და მგზავრობის დროს გამოიყენონ პირბადე.