გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდიდან თანხა, მიმდინარე წელს პირველად, პანდემიის დროს დახარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე განმარტავს სარეზერვო ფონდში აუთვისებელი თანხაა დარჩენილი, რასაც მუნიციპალიტეტი მეორე ტალღის შემთხვევაში გამოიყენებს.
“პანდემიის პერიოდში თანხების გადატანა სარეზერვო ფონდიდან მოხდა, 200 000 ლარი გადავიტანეთ. სპეციალური, ორგანიზაციული კოდი შეიქმნა ამ პანდემიასთან დაკავშირებით და იქ იყო ეს თანხა, მაგრამ მთლიანად არ დახარჯულა, რამდენადაც ვიცი 100 000 ლარია დარჩენილი კიდევ და თუ მოითხოვა სიტუაციამ მეორე ტალღის შემთხვევაში, ამ დარჩენილ თანხასაც აითვისებს მუნიციპალიტეტი. ამაში საკრებულო აღარ სჭირდება მერიას, შეუძლია ბრძანებით გადაიტანოს სარეზერვო თანხა, საგანგებო სიტუაცია აძლევს ამის უფლებას”, – თქვა დავი რაზმაძემ.
ინფორმაციისთვის, სარეზერვო ფონდი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ნაწილი. ამ ფონდში არსებულ თანხას მუნიციპალიტეტი ხარჯავს მაშინ, როცა მას უწევს გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება.