ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში 15-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს

780

ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში 15-მდე ოჯახს  სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მოსახლეობას სასმელი წყალი დაახლოებით ოცი დღეა არ მიეწოდება, რის გამოც წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

„ოც დღეზე მეტია სასმელი წყალი საერთოდ არ მოგვეწოდება, მოსახლეობა გაწამებულები ვართ, რამდენიმე კილომეტრიდან წყალს ხელით ვეზიდებით, ბავშვისთვის კი ვყიდულობთ, ასე გაგრძელება და ცხოვრება შეუძლებელია.“- განაცხადა სოფელ ოქრუაშვილებში მცხოვრებმა მანანა ცეცხლაძემ.

„სასმელი წყლის პრობლემა სოფელს 20 დღეზე მეტია გვაწუხებს. წყალი თავდაპირველად საერთოდ აღარ მოდიოდა, თუმცა ეს ბოლო დღეები რამდენიმე საათით უშვებენ გავავსებთ ჭურჭელს და მერე კვლავ წყდება, როგორც გვითხრეს მიზეზი სოფელ ძირკვაძეებში გზის მშენებლობაა. „განაცხადა “აიპრესთან” ადგილობრივმა მცხოვრებმა შუშანა ცეცხლაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ სოფელ ოქრუაშვილებში წყლის პრობლემა მხოლოდ რამდენიმე დღე არსებობდა. გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით აღნიშნული პრობლემა დაკავშირებულია სოფელ ძირკვაძეებში გზის მშენობლობასთან, რომლის გარკვეული ნაწილიც დაემთხვა არსებულ მაგისტრალს, შესაბამისად საჭირო გახდა მაგისტრალის გადატანა გზის ერთ მხარეს.

„გასულ წლებთნ შედარებით წელს ზაფხული განსაკუთრებული გვალვებით გამოირჩევა, შესაბამისად წყლის დებეტი მაქსიმალურადაა შემცირებული. თუმცა ჩვენს მიერ დაბა ხულოს წყალსადენის მაგისტრალის განხორციელებული მასშტაბური პროექტით, რომელიც მილიონ 722 ათასი ლარი დაჯდა, შევძელით, რომ დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი წყლის მიწოდება გაგვეზარდა და წყლის მიწოდება მოსახლეობისათვის შეგვენარჩუნებინა.

რაც შეეხება რამდენიმე დღიან შეფერხებებს სოფელ ოქრუაშვილების წყლით მომარაგებისას, ეს დაკავშირებულია ძირკვაძეების მიმართულებით გზის მშენობლობასთან, რომლის გარკვეული ნაწილიც დაემთხვა არსებულ მაგისტრალს შესაბამისად საჭირო გახდა აღნიშნული მაგისტრალის გადატანა გზის ერთ მხარეს, რის გამოც შეფერხებებით მიეწოდებოდა მოსახლეობას წყალი, ორჯერ მოხდა ბოლო 15 დღის განმავლობაში შეფერხება. იმიტომ, რომ იქ უნდა მომხდარიყო არსებული მილების ამოღება და გზის მეორე მხარეს გადატანა.”- განაცხადა ხულოს გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.

წყარო: აიპრესი