ბურჯანაძე – არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე ძალიან შემეხვეწოს

414

„ქართულ ოცნებას“ თუ კოალიციაში, პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე ძალიან შემეხვეწოს. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ, რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა სხვა კანდიდატი, ვისზეც შეუძლია, იგივე თქვას, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ზოგი მოსწონს და ზოგი არა, დანარჩენების მიმართ ასეთი რადიკალური მიუღებლობა არ აქვს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარტიას „ერთიანი საქართველო“ მისცა რეალური შანსი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან სერიოზული მონაწილეობა მიიღოს და მასზე ზეგავლენა მოახდინოს.

„იმიტომ რომ, ახლა უკვე, პარლამენტში რამდენიმე ადამიანის ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც წინა საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ანუ, იქნებოდი რამდენიმე კაცი და შენი ხმა პრაქტიკულად, არაფერს გადაწყვეტდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს ექვს და ათ ხმას იმ შემთხვევაში, თუ შედგება კოალიცია, რომელიც გადაწყვეტილებას მათ გარეშე მიიღებს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახელისუფლებო, ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას სხვადასხვა პარტიებისა და მათ შორის, მისი პარტიის გარეშე კოალიციური მთავრობის შექმნის საშუალება არ ექნება.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ხელისუფლებას გაფრთხილება მისცა.

„მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება და ამას თქვენ ეთერში მეტად აღარ გავიმეორებ – ხელისუფლებას ძალიან მძიმე დღე დაადგება, თუ გაბედავს და არჩევნებს ისე გამიყალბებს, როგორც 2016-ში, როდესაც ჩემი ხმები გადაუწყო ზოგი სხვა ოპოზიციურ პარტიას, ზოგი „პატრიოტთა ალიანსს“, ზოგი კი თვითონ გადაიწყო, მე გარეთ დამტოვა და პარლამენტში სხვა პარტია შეიყვანა. პირდაპირ გეუბნებით, მე არ გავჩუმდები და გაღიმებული სახით განცხადებებით არ შემოვიფარგლები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.