„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, დასრულდა ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი, თუმცა ქვეყანაში კვლავ კორონაკრიზისია და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას ბევრი ადამიანი ისევ ვერ ახერხებს.
მიქაუტაძის თქმით, ამ დროს მთავრობა დუმს და ხალხს არაფერს სთავაზობს.
„მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მსგავსი კრიზისული სიტუაციების მართვა სწორედ მათი პირდაპირი მოვალეობაა და მოვუწოდებ, დროულად აიღონ ინიციატივა ხელში. აუცილებელია, რომ მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ სასწრაფოდ და ერთად შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა 6 თვით მაინც მოხდეს საშეღავათო პერიოდის დაწესება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კრიზისამდე პირნათლად ემსახურებოდნენ ვალდებულებებს. მჯერა, ამ საკითხში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ორგანიზაციებიც დაგვეხმარებიან. რისკები ყველა მხარემ უნდა გაინაწილოს, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას ფინანსური კრიზისი, რომელიც მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით შეიძლება, ავიცილოთ თავიდან. მსგავსი სქემები არაერთ ქვეყანაში უკვე გამოიყენეს და საჭიროა მათი გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.