აჭარის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია მართვადია,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც რიჟვაძე აცხადებს, სამედიცინო სფეროს წარმოადგენლებთან ერთად, ვირუსის მართვა ეფექტურად მიმდინარეობს და რეგიონში მძიმე შედეგები არ არის.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონკრეტული შემცირების ფონზე, არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც გვაქვს და ეს მოგცემს საშუალებას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ კორონავირუსის მართვისას წარმოქმნილ ხარვეზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთეული შემთხვევები იყო, რაც გამოსწორდა.
„მზარდი დინამიკის ფონზე გარკვეული, ერთეული ხარვეზები იყო, პირადად ვეცნობი ყველა მოქალაქის და პაციენტის მდგომარეობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ.
ერთეული შემთხვევები გვქონდა დაყოვნებების, ასევე, ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრილია და სისტემა გამართულად მუშაობს.
ჩვენი მიზანია, რომ ჰოსპიტალურ სექტორში სრული წესრიგი გვქონდეს, ყველა დროულად იღებდეს სამედიცინო მომსახურებას და ეს დაყოვნებები აღმოფხვრილი იქნას. რაც შეეხება საწოლფონდებს, გასულ კვირაში უსწრაფესად მოხდა 1000-ზე მეტი საწოლფონდის ორგანიზება, რომელიც დღეს შევსებულია“, – განაცხადა რიჟვაძემ.