ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ როსებაშვილი თვლის, რომ 2014 წელს გორის მუნიციპალიტეტის დაყოფა არასწორი იყო. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბ როსებაშვილის თქმით, გაყოფის შემდეგ, ქალაქისა და თემის ბალანსზე რიცხულმა ორგანიზაციებმა თავი კვლავ გორში მოიყარა.
,,ავიღოთ, მაგალითად კეთილმოწყობის სამსახური. ქალაქის მერიამაც და მუნიციპალიტეტის თემმაც ცალ-ცალკე ორგანიზაციები, ააიპ ,,კეთილმოწყობის სამსახურები” ჩამოაყალიბეს. სრულიად დუბლირებული სამსახურებია ესენი. ხომ შეიძლებოდა ისე მოგვარებულიყო ეს საკითხი, რომ ერთი კეთილმოწყობის სამსახური ორ მუნიციპალიტეტს მოხმარებოდა?” – აცხადებს ზურაბ როსებაშვილი.
იგი განმარტავს, რომ საკმაოდ უცნაურია გორის მუნიციპალიტეტის თემისთვის ის გარემოება, რომ მისი ცენტრი ქალაქშია.
,,გერქვას გორის მუნიციპალიტეტის თემი და ცენტრი ქალაქში გქონდეს? სადაური წესია ეს? ამიტომ ვიძახი, რომ შეცდომა იყო ამ ფორმით მუნიციპალიტეტის გაყოფა. ამჟამად, მივესალები გაერთიანებას” – აღნიშნავს ზურაბ როსებაშვილი.