ხშირად მეკითხებიან, ვისკენაა „თავისუფალი საქართველო“, ივანიშვილის გუნდშია, თუ სააკაშვილის? ვაცხადებ, ჩვენი პარტია აბსოლუტურად დამოუკიდებელია ორივე ფრთისგან. „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ნეოლიბერალურ პოლიტიკურ თამაშში არ იღებს მონაწილეობას და მას, მხოლოდ ეროვნული ინტერესები გააჩნია,- ასე მიმართა დღეს კახა კუკავამ რუსთავში შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებსაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.
„თქვენი ნდობის შემთხვევაში, პარლამენტში თქვენს უფლებებს ეს ღირსეული ადამიანები დაიცავენ. ისინი თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და ქვეყნის პატრიოტები არიან. მზად ვართ ჩვენს კანდიდატთან ერთად დავასრულოთ ის პოლიტიკური და ეკონომიკური უმსგავსობა, რომელიც ქვეყანაში ოცდაათწლიან მმართველობას ითვლის“,- განაცხადა კახა კუკავამ.
დღესვე, მოსახლებას სიტყვით მაჟორიტარმა კანდიდატებმაც მიმართეს.
ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკის ოლქის დეპუტატობის კანდიდატის დარეჯან პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოში 300-მდე პარტიაა რეგისტრირებული, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 70-მდე პარტია აპირებს.
„თითქოს, ყველა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძვის, მაგრამ „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც არჩევნებამდე გადადგა ქმედითი ნაბიჯები და საზოგადოებას არაერთი რეალური პროგრამა წარუდგინა.
ერთ წელზე მეტია, რაც „იაფი მედიკამენტების პროგრამა“ წარმატებით მუშაობს. „თავისუფალი საქართველო“ პანდემიის პირობებშიც კი განაგრძობს ადამიანებისთვის იაფი მედიკამენტების მიწოდებას და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფარმაცევტული მონოპოლისტები, წამლებს მინიმუმ ოთხჯერ უფრო ძვირად ჰყიდიან. ასეთი ადამიანები დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ ხალხის ნდობის მოპოვებას და პარლამენტში შესვლას, რაც უნდა დასრულდეს. საზოგადოებამ პარლამენტის წევრის მანდატი ხალხის გულშემატკივარ პოლიტიკოსებს უნდა ჩააბაროს და არა მედროვე მონოპოლისტებს, რომლებიც პარტიიდან პარტიაში საკუთარი ბიზნესის დასაცავად პორტირდებიან ხოლმე“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მარნეულისა და გარდაბანის ოლქში წარდგენილმა ნატალია გელაზონიამ კი აღნიშნა, რომ „თავისუფალი საქართველო“ ქართული პროდუქციის განვითარებაზეც აქტიურად ზრუნავს. ამის დასტური კი, ქართული ჩაის რეაბილიტაცია და განვითარებაა.
„ჩვენმა პარტიამ იმდენი მოახერხა, რომ სავაჭრო მაღაზიების თაროებზე, გაყიდვაში ქართული ჩაიც გამოჩნდა. „ტყიბულის ჩაი“-სთან ჩვენ შეთანხმება დავდეთ, რის საფუძველზეც, აღნიშნული კომპანია, უკვე წარმატებით ახდენს ჩაის რამდენიმე სორტის რეალიზაციას. მომავალში კი, პროდუქციის გაზრდა და მისი ექსპორტიც იგეგმება და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში იმპორტის სახით, უხარისხო ჩაი უცხო ქვეყნებიდან შემოდის“, – განაცხადა გელაზონიამ.
მოგვიანებით, სიტყვა რუსთავის ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმაც წარმოთქვა. ლაშა მაჭარაშვილმა საზოგადოების ყურადღება მევახშეობზე გაამახვილა.
„თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას საკანონმდებლო დონეზე აპირებს. ბანკირები, რომლებიც ხელისუფლებას გაუნაწყენდნენ, ახლა პოლიტიკაში მოვიდნენ. მათ არ ეყოთ ის, რომ ადამიანები მატერიალურად გააკოტრეს, ახლა ამავე ბანკირების მიზანია, ხალხს ხმაც წაართვან და სრულიად უუფლებოდ დატოვონ. ევროპული რეგულაციების მიხედვით, შინაურ ცხოველსაც კი ვერ დატოვებს ბანკი გარეთ, თუ ამ ცხოველს თავშესაფარი არ ექნება. ათიათასობით ადამიანია საკუთარი სახლ-კარიდან გამოძევებული, რომლის ბედიც არც სახელმწიფოს და არც ბანკირებს არ აინტერესებთ. აი, ესაა მათი რეალური სახე“,- განაცხადა მაჭარაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოში არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ამ უკეთესი მომავლის სურვილს, საზოგადოება 31 ოქტომბრის არჩევნებში დააფიქსირებს.
ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.