გიორგი გახარია: 4 წელში თბილისიდან ზესტაფონამდე სულ რაღაც 2 საათი დაგვჭირდება

611

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურასა და რიკოთის უღელტეხილზე.

მისი თქმით, რეგიონში მსგავსი სირთულის საინჟინრო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა და 4 წელში თბილისიდან ზესტაფონში ჩასვლას სულ რაღაც 2 საათი დასჭირდება.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს პანდემიაა. ზესტაფონში საკმაოდ კარგად მიდიოდა ტურისტული ნაკადებიც, გზიდან გამომდინარე, მაგრამ აქაც ცოტა გაგვიჭირდა და ყველამ ერთად პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, დავიცვათ ჩვენი ახლობლები, პირველ რიგში – მოხუცები, დავაკმაყოფილოთ, გავითვალისწინოთ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ ამ ეკონომიკურ კრიზისსაც სწრაფად გავუძლოთ და ყველაზე კარგი, სწრაფი აღდგენა გვქონდეს აქ, საქართველოში, რისი შესაძლებლობებიც მერწმუნეთ, გვაქვს.

მინდა, ორიოდე სიტყვა გითხრათ, რას შეცვლის ზესტაფონში რიკოთის უღელტეხილი. ყველამ კარგად იცით, ვინც მოძრაობთ საქართველოში, თბილისიდან დასავლეთში, ყველანი ხედავთ, რა მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

მერწმუნეთ, საერთოდ რეგიონში მსგავსი სირთულის საინჟინრო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა. 94 ხიდი, 56 გვირაბი, ურთულესი საინჟინრო ინფრასტრუქტურა კეთდება და 4 წელში უკვე თბილისიდან ზესტაფონში სულ რაღაც 2 საათი დაგვჭირდება, რაც რა თქმა უნდა, მობილობას გაზრდის. იმედია, უკვე კოვიდ-19 დამარცხებული გვექნება და ეს მობილობა არ იქნება რისკი ინფექციის განვითარების თვალსაზრისით და ეს პირდაპირ იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობებზე. ჩვენ ყველანი ამ დროისთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ შევძლოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა ზესტაფონში და ზოგადად, საქართველოში. ჩვენ ყველანი ერთად ვშრომობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფიზიკური სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში – გზა, წყალი, კანალიზაცია, გაზი, ელემენტარული, ცხოვრების ნორმალური პირობები რომ შევიქმნათ ჩვენთვის და მომავალ თაობას დავუტოვოთ. ფიზიკური სისტემური ინფრასტრუქტურის გარდა არის სხვა მიმართულებებიც, არა ფიზიკური, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი. ბავშვებისთვის – განათლება, მოხუცებისთვის – პენსია და სოციალური დახმარება, ჯანდაცვის გამართული სისტემა, ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ღირსეულად ვიშრომოთ და ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. სწორედ ამიტომ დაიწყო სახელმწიფომ მთელი რიგი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით – „აწარმოე საქართველოში”, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება, „დანერგე მომავალი”- ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინიციატივის მქონე ქართველებს, ვისაც აქვთ შესაძლებლობა, გადადგან პირველი ნაბიჯი, მაქსიმალურად მივეხმაროთ. სწორედ ამიტომ, ზესტაფონში, თქვენს იუსტიციის სახლში ყველა ეს პროგრამა თავმოყრილია და თითოეულ ადგილობრივს შეუძლია მივიდეს, მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და დაიწყოს საქმე. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი, მესმის, რომ ყოველთვის რთულია და ახალგაზრდა ადამიანსაც აქვს შიში, პირველი ნაბიჯი გადადგას, პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, ოჯახზე, შემდგომ უკვე მეზობელსა და ნათესავზე, მაგრამ მერწმუნეთ, სახელმწიფო იქნება თქვენს გვერდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.