„ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ჭიათურის, საჩხერესა და ხარაგაულის „ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატად, ანი მიროტაძე ოფიციალურად წარადგინა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ლელო“ ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, რომლითაც საზოგადოებას აცნობებს, თუ რა გააკეთეს მათ.
„ანი მიროტაძე იქნება ჩვენი კანდიდატი ჭიათურაში, საჩხერეში და ხარაგაულში, ის იქნება ჩვენი ძალა აქ. ჩვენ ახალ სტანდარტს ვამკვიდრებთ. ეს ახალი სტანდარტი არის ის, რომ კარდაკარს რომ მოვრჩებით არჩევნებამდე 100 დღის თავზე, ჩვენ ჩამოვალთ თქვენთან და მოგიყვებით, რა გავაკეთეთ 100 დღეში, 300 დღის თავზე, კიდევ მოვალთ თქვენთან და გეტყვით რეფორმის პირველ შედეგებს. 4 წელიწადში დავამთავრებთ „მარშალის“ გეგმას, რომელიც საქართველოს აბსოლუტურად სხვა ტიპის ქვეყნად გადააქცევს. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, იაქტიურეთ და ოქტომბერში დავდოთ საქართველოს გამარჯვების ლელო“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ანი მიროტაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წარსულია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო წარსული.
„რატომ „ლელო“? ძალიან მარტივია. „ლელო არის თავისუფლება. „ლელო“ არის ძალა, „ლელო“ არის საქართველო. „ქართული ოცნება“ არის წარსული, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო წარსული. ჩვენ წარსულზე და კიდევ უფრო წარსულზე, მუქ ფერზე და კიდევ უფრო მუქ ფერზე, უიმედობასა და კიდევ უფრო უიმედობაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ – არა!“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.