გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია იქმნება, რომელსაც გორის მერის მოადგილე, პაატა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული იდეის განხორციელება გახდა შესაძლებელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკის განმარტებით, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი მსგავსი საკითხების მოგვარების პროცესში მუნიციპალურ დონეზე ერთვება.
გორამდე უწყებათაშორისი კომისია ზუგდიდში შეიქმნა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მსგავსი ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა საქართველო სხვა ქალაქებშიც.
“ჩვენ გადავწყვიტეთ მუნიციპალიტეტების დონეზე სპეციალური კომისიის შექმნის ინიცირება მოგვეხდინა. ჩვენი პროექტის ფარგლებში შიდა ქართლსა და სამეგრელოში, იქ სადაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ცხოვრობს. ამ კომისიის წევრთა შორის ძალიან ბევრი საინტერესო აზრის მოსმენა და გათვალისიწინება იყო მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ ფურცელზე არ ეწეროს და მოხდეს რეალური ნაბიჯების გადადგმა, პირველ რიგში იმისთვის რომ კოორდინაცია მოხდეს უწყებებს შორის”, -ამბობს ელენე რუსეცკი.
ელენე რუსეცკის აზრით, კომისიების მიერ ოჯახში ძალადობის სწრაფად გამოვლენა ხელს შეუწყობს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიიღონ მეტი ინფორმაცია.
“გარდა იმისა, რომ ეს კომისიები სწრაფად ჩაერთვებიან ოჯახში ძალადობის გამოვლენის შედეგად შესაბამის უწყებებთან დაკავშირების პროცესში, მუნიციპალურ დონეზე იარსებებს ინსტიტუციონალური მეხსიერება ადგილზე გამოვლენილი ფაქტების სტატისტიკის სახით რაც დაეხმარება ერთი მხრივ ქვეყანას საჭირო სერვისების განვითარების კუთხით, მეორეს მხრივ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს უფრო მეტი ინფორმაცია ექნება რა მიმართულებითაა მუშაობის გაგრძელება საჭირო კონკრეტულ მუნიციპალიტეტში“, – ამბობს ელენე რუსეცკაია.