ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მის წინააღმდეგ „დეზინფორმაციისა და სიბინძურის კამპანიაში“ ადანაშაულებს

1019

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მის წინააღმდეგ „დეზინფორმაციისა და სიბინძურის კამპანიაში“ ადანაშაულებს.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, სოციალურ ქსელში შეიქმნა ყალბი გვერდები იმის შესახებ, თითქოს მას ცესკოში წარსადგენად საჭირო ხელმოწერების შეგროვებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმარება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ელისაშვილი კატეგორიულად განმარტავს, რომ ხელმოწერებს მხოლოდ მისი მხარდამჭერი მოხალისეები და შტაბის წევები უგროვებენ.

„უკვე მეტისმეტია და ზღვარს გადასცდა ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციის და სიბინძურის კამპანია. „ფეისბუქში“ შეიქმნა არაერთი ყალბი გვერდი, გადახდილია უზარმაზარი ფული, სავარაუდოდ ათეულ ათას დოლარზე არის საუბარი და შეიძლება კიდევ უფრო მეტზე. იწერება უამრავი სისულელე, უამრავი ტყუილი, თითქოს მე გუნდში ვიღაც ავიყვანე, ასახელებენ სხვადასხვა ადამიანს, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, თითქოს ვიღაცას თანამდებობები შევთავაზე. ყველაფერი არის აბსოლუტური სისულელე. ვფიქრობდი, არ მიგვექცია ყურადღება, მაგრამ უკვე ყველანაირ ზღვარს გადასცდნენ. ასევე, გუშინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ვითომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ვითომ ჩემ მხარდასაჭერად აგროვებენ ხელმოწერებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, უნიჭოდ დადგმული, გულდასაწყვეტად უნიჭოდ დადგმული ტყუილი. ხელმოწერებს მეტროსადგურებთან აგროვებენ მხოლოდ ჩემი მაისურიანი მოხალისები, შტაბის წევრები და სხვა არავინ.

ხელისუფლება ძალიან დაემსგავსა წინა ხელისუფლებას, ისწავლა მისგან სიბინძურეები. არც ერთი პარტია არ მიგროვებს ხმებს. ჩემი შტაბი მიგროვებს მარტო ხმებს.

თუ ვინმეს რამის გაგება გაინტერესებთ ჩემთან დაკავშირებით, შემოდით „ფეისბუქზე“, მხოლოდ ჩემს ოფიციალურ გვერდზე“, – მიმართავს ელისაშვილი მხარდამჭერებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი