ვაშაძე: სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კორუფციულ სქემაში მონაწილეობს

527

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა, პანდემიის პერიოდში, ფულადი დახმარება კორუფციული მეთოდებით მიიღეს. მისი თქმით, კორუფციულ სქემაში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეც მონაწილეობდა. თავად ზურა ხაჩიძე, ვაშაძის განცხადებას ტყუილს უწოდებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შესაძლო კორუფციული სქემის შესახებ, გიორგი ვაშაძემ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ის ამბობს, მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარებების მიღებაზე სუბსიდირების მოთხოვნა 4 247 კომპანიას შორის 3 ათასზე მეტს უარი ბიუროკრატიული მიზეზების გამო უთხრეს.

„რეალურად, 4 247 განაცხადი შევიდა სუბსიდირების მოთხოვნით და აბსოლუტურ უმრავლესობას, 3 000-ზე მეტს ბიუროკრატიული მიზეზების გამო უარი უთხრეს. მაშინ ვინ დააფინანსა გახარიამ და მისმა გუნდმა მათი გადაწყვეტილებებით? ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, ბატონი ზურაბ ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეა, სწორედ მათი ბიზნესი მოხვდა იმ 500 კომპანიას შორის და არა იმ 3 000 კომპანიაში, ვისაც უარი უთხრეს“ აცხადებს ვაშაძე.

ვაშაძის განცხადებას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე, რომელმაც განმარტა, რომ მას კავშირი ვაშაძის მიერ ჩამოთვლილ არცერთ კომპანიასთან არ აქვს. განცადების გასაკეთებლად მან ტვ „პირველს“ თავად მიმართა.

„მე დაგიკავშირდით იმისთვის რომ ვთქვა, მე ვმუშაობ და ვარ მხოლოდ და მხოლოდ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, არანაირი ბიზნესი არა მაქვს, არანაირი პრივილეგიით ვსარგებლობ, ვასრულებ ჩემს მოვალეობას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი არასწორი ინფორმაციიის გავრცელება მოსალოდნელიც იყო, რადგან ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ასეთი გზა აირჩია.