საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში გოდერძი კუბლაშვილი, ხოლო ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში სამველ ეღიაზარიანი იქნება. კანდიდატები ოფიციალურად პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ წარადგინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პარატია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატების წარდგენა გუშინ, 17 სექტემბერს ახალციხესა და ახალქალაქში გაიმართა. გოდერძი კუბლაშვილი და სამველ ეღიაზარიანი კახა კუკავამ წარადგინა: „სამველი არის ადგილობრივი უმცირესობის წარმომადგენელი და მასთან დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა. ჩვენ ჯავახეთში ყოველთვის გვქონდა მაღალი შედეგები. გოდერძის რაც შეეხება, მასთან თანამშრომლობა ახალი დაწყებული გვაქვს, გვქონდა შეხვედრა, მსჯელობა და ჩვენი პოზიციები ბევრ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა“.
წარდგენისას კუკავამ პარტიის პროგრამაზე ისაუბრა და მედიასთან განმარტა, რომ სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა რელიგიური უმცირესობების უცხო ქვეყნიდან დაფინანსების საკითხს და მაგალითად მოიყვანა თურქეთიდან მუსლიმების დაფინანსების საკითხი:
„სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს იურიდიული ზომები, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან იდეოლოგიურ და რელიგიურ ექსპანსიაზე. ჩვენ „თავისუფალი საქრთველო“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ რელიგიურ გაერთიანებებს შეეზღუდოთ უცხოეთიდან დაფინანსება, როგორც შეზღუდული გვაქვს ეს ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს. იმიტომ, რომ ამას იყენებენ ძალიან ბოროტად, ამას იყენებენ არა დანიშნულებისამებრ… როგორც არ არსებობს სათაგურში უფასო ყველი, ისე არ არსებობს უფასო გრანტები, რომლებსაც არ აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები“, – განმარტა კუკავამ.
კითხვას, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება სამართლიანია თუ არა, პარტიის ლიდერმა ასე უპასუხა: „ძალიან სამართლიანია რეგლიგიური უმცირესობების დაფინანსება, იმიტომ, რომ განაწილებულია პროპორციულად, მორწმუნეთა რაოდენობის მიხედვით და განსაკუთრებით სამართლიანია, თუ გავითვალისწინებთ შედარებას სხვა მეზობელი ქვეყნების პრაქტიკასთან. მაგალითად, თურქეთში არავინ აფინანსებს რელიგიურ უმცირესობებს“.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის მოსაზრებას იზიარებს ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში ახლადწარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილიც. მან საკუთარი გამოსვლა ქრისტიანთათვის წმიდა წიგნის, სახარების სიტყვებით დაიწყო: „მათეს სახარება ასე იწყება, პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან. ანუ ყველა ადამიანი ვალდებულია თავისი სიტყვა შეასრულოს. იმიტომ, რომ ღვთის წინაშე აგებს პასუხს და მე არ მინდა ჩემი სიტყვის გამტეხი ვიყო, ანუ ისეთს არაფერს შევპირდები ამომრჩეველს, რისი გაკეთების თავიც არ მაქვს“, – განმარტა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება უმცირესობების დაფინანსების საკითხს, მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ პროპორციული გადანაწილების მიხედვით, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან უფრო მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს: „უცხო ქვეყნიდან არ უნდა იყოს ჩვენი რელიგიური უმცირესობები დაფინანსებული, ეს უნდა გააკეთოს ჩვენმა სახელმწიფომ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად აგენტები შემოჰყავს უცხო ქვეყანას და თავის სასარგებლოდ წყვეტენ ამ საკითხებს. ქვეყნის დიდი უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი ანუ თავისთავად მართლმადიდებელ ეკლესიას მეტი შეხვდება დაფინანსება და კიდევ უფრო მეტი უნდა ხვდებოდეს, თუმცა უნდა ფინანსდებოდეს სხვა რელიგიური უმცირესობებიც“.
ამ დროისათვის პარტიების მეირ დასახელებული კანდიდტების სია სამცხე-ჯავახეთის ოლქებში ასეთია:
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟრიტარული ოლქი:
„ქართული ოცნება“ – ანტონ ობოლაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ვაჟა ჩიტაშვილი
„ევროპული საქართველო“ – ზურაბ ჩილინგარაშვილი
„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – ზურაბ ხუციშვილი
„თავისუფალი საქართველო“ – გოდერძი კუბლაშვილი
ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი:
„ქართული ოცნება“ – სამველ მანუკიანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მელიქ რაისიანი
„ევროპული საქართველო“ – არსენ კარაპეტიანი
„პატრიოტთა ალიანსი“ – არტაშეს აკოფიანი
„თავისუფალი საქართველო“ – სამველ ეღიაზარიანი
დამოუკიდებელი კანდიდატი – ენზელ მკოიანი