სიმონ გულედანი: ამ ეტაპზე, ტირძნისში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

545

ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

,,დღეის მდგომარეობით, დადასტურდა კოვიდინფიცირების 3 ახალი ფაქტი, სამივე შემთხვევა ტირძნისშია, ინფიცირებულები არიან ბავშვები. სამივე მათგანი გადაყვანილია სპეციალიზებულ კოვიდ კლინიკაში. დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთა ვინაობა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

რაც შეეხება სოფელ ტირძნისში ზომების შესაძლო გამკაცრებას, ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

ეს ბავშვები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, ვინაიდან მათი ოჯახის წევს 15 სექტემბერს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გაგზავნილი იყო ნიმუშები და ველოდებოდით პასუხებს“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი 182 ახალი შემთხვევიდან, 3 ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. ინფიცირებულები სოფელ ტირძნისში მცხოვრები 6, 11 და 14 წლის ბავშვები არიან.