პარტია „მოქალაქეების” პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ლევან იოსელიანი ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იქნება.
„თუ ჩვენი ხმები იქნება გადამწყვეტი და გააჩნია როგორი მოცემულობა იქნება პარლამენტში, ლევან იოსელიანი იქნება პრემიერობის კანდიდატი. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იქნება. ასეთი წესიერი, გაწონასწორებული, დინჯი, კვალიფიციური და კარგი მენეჯერი არ არის საქართველოში, ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერობის კანდიდატად არც გიორგი ვაშაძეს, არც დავით ბაქრაძეს და არც მიხეილ სააკაშვილს არ დაუჭერენ მხარს.
„მე შემიძლია გითხრათ, ვის არ დავუჭერთ მხარს პრემიერობაზე. მხარს არ დავუჭერთ გიორგი ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, მიხეილ სააკაშვილს, „ქართული ოცნებას“ საერთოდ არ დავუჭერთ მხარს და დანარჩენ კანდიდატებზე ვნახოთ, არ ვიცი როგორი წარმომადგენლობა იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, თუ უკეთესი ქვეყანა გვინდა უნდა ვიბრძოლოთ და ცვლილებები აუცილებელია.