ახალგაზრდები მაჟორიტარების საარჩევნო გეგმაში

1010

ახალგაზრდები მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამაში. ვინ რას გეგმავს მოზარდებისთვის და როგორ ფიქრობენ მათ ხელშეწყობას გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები?აღნიშნულ თემაზე TV25-ის ჟურნალისტი ნინია მესხიძე მუშაობდა. როგორც აღმჩნდა, ახალგაზრდების საჭირობებს პოლიტიკოსების ნაწილი არც თუ ისე კარგად იცნობს.

დაახლოებით ერთ თვეში საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა როგორ აპირებს მმართველი გუნდი ახალგაზრდების მიმართულებით მუშაობას ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ ირწმუნება, რომ ახალგაზრდების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის პარტიას ბევრი ინიციატივა აქვს, თუმცა დაკონკრეტება უჭირს. ცოტნე ანანიძის განმარტებით, ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია და როგორც ამტკიცებს, „ქართული ოცნება“, მათთვის ამ მიმართულებით მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერს გააკეთებს.

„მომავლის თაობა“ – ასე მოიხსენიებს ოპოზიცია ახალგაზრდებს.  მმართველი გუნდის ოპონენტის მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოზარდებისა და ახალგაზრდობის კომპლექსური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. გიორგი კირთაძის თქმით, შექმნიან შესაბამის გარემოს, სადაც ისინი შეძლებენ სრულად მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და აქტიურად ჩაერთონ სოციალური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ამ ყველაფრის გაკეთებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალგაზრდებთან ერთად გეგმავს.

„ევროპულ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ ახალგაზრდების საჭიროებები მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ნაკლებად იციან. პეტრე ზამბაძის რწმუნებით, პირველი, რასაც პარტია, გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს, განათლების რეფორმა იქნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის თქმით, ისინი ახალგაზრდების ჩართულობის, განათლების, დასაქმებისა და მხარდაჭერის გაზრდას ხელს შეუწყობენ, თუმცა რა ფორმით არ აკონკრეტებს.

„ლელო საქართველოსთვის“ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ აქამდე არსებული სამოქმედო გეგმა ახალგაზრდების საჭიროებებს არ პასუხობდა. მათი აზრით, მმართველი გუნდი არც კონკრეტული შედეგის მიღწევას ისახავდა მიზნად და აქტივობები ძირითადად ფორმალურია. პოლიტიკური პარტია ამომრჩევლებს პირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის საჭირო მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ.

რამდენად შეასრულებენ პარტიები დანაპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში და რამდენ აქცენტირდებიან ახალგაზრდების საჭიროებებზე? შექმნიან თუ არა გარემოს, სადაც ისინი თავიანთ პოტენციალს გამოიყენებენ და გახდებიან პოზიტიური ტრანსფორმაციული ძალის წარმომადგენლები? დაპირებები მრავლად ისმის, თუმცა რა შედეგს მივიღებთ 31 ოქტომბრის შემდეგ, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ცნობისთვის, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-ი 15-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.