გახარია: არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს და შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება

353

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ იქნება. გახარიას თქმით, ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება.

“ბოლო პერიოდში ინფიცირების აშკარა ზრდის ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა, სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით ყოველთვის, რომ ძირითადი ამოცანაა, ვირუსთან ადაპტაცია და მასთან თანაცხოვრების სწავლა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძებები, ლოქდაუნები, შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის. უბრალოდ, იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოც ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვის, ვირუსის დროშ გავრცელების მართვის, რომელიც, სხვათა შორის, დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც.

დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად, ისე, რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს უკვე პრიორიტეტი ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. ეს მარტივი წესებია – პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიების წესების დაცვა და ა.შ.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსი პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,” – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.