კიშინიოვის ქუჩაზე სპორტული სივრცისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

430

ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე 5 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი და ქვიშის მოედანი მოეწყობა; დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. ასევე, შესრულდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

 „ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული სტადიონი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად კეთილმოწყობილი სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე გვექნება. სპორტული სივრცის გარდა, ვაკეთებთ ბავშვთა გასართობ ზონას. ეს ადგილი ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 711 482 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.